აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ილია მეორეს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა და პატრიარქმა მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი განიხილეს.
განცხადებას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში.
პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.
განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც ნათქვამია, რომ აშშ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაში.