იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ნაზი ჯანეზაშვილს ტყუილის ტირაჟირებაში და ახლად დანიშნული მოსამართლეების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, სასამართლო ყველა კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრისთვის ღიაა და თუ ვინმეს დაინტერესება კონკურსში მისაღებად ნაკლებია, ეს იმიტომ, რომ მათ საკუთარი თავის იმედი არ აქვთ. 

"სასამართლო ღიაა ყველა კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრისთვის. თუ ვინმეს დაინტერესება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნაკლებია, ალბათ იმიტომ, რომ არ აქვთ საკუთარი თავის იმედი - დააკმაყოფილებენ თუ არა კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ანდაც - არ უღირთ კერძო სექტორიდან სასამართლოში სამუშაოდ გადმოსვლა, რადგან პასუხისმგებლობაც განუზომლად დიდია და იციან, რომ ასევე მოუწევთ ჯანეზაშვილისნაირი სუბიექტებისგან უსაფუძვლო თავდასხმების, ცილისწამებების მოსმენა. ჯანეზაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ყველა, გუშინ დანიშნულ 36-ვე ღირსეულ მოსამართლეს, დაუკავშირა რა მათი დანიშვნა გაურკვეველ ,,კლანურ გადაწყვეტილებებს", - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ზე.

დიმიტრი გვრიტიშვილისთვის გაუგებარია, სად არის "ყოვლისშემძლე კლანი", რომელზეც არასამთავრობო სექტორი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და ოპოზიცია საუბრობენ. ნაზი ჯანეზაშვილი კი ამბობს, რომ "კლანის" ერთ-ერთი წევრი თავად დიმიტრი გვრიტიშვილია.

"თვითონ არის ამ კლანის ერთ-ერთი წევრი. ამას მოწმობს მთელი მისი საქმიანობა, გამოსვლები... იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანმა და მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა გამოძერწეს ახალი მოსამართლეები. 23 ადამიანს ელოდებოდნენ, როდის დაამთავრებდნენ ისინი იუსტიციის უმაღლეს სკოლას, რომ ფორმალური კრიტერიუმები დაეკმაყოფილებინათ, რაც კანონით არის განსაზაზღვრული და შემდეგ დაენიშნათ თანამდებობებზე", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, დანიშნული 36 მოსამართლიდან უმეტესობა სასამართლო სისტემაში მომუშავე პირებს ან მოქმედი მოსამართლეების ნათესავებს წარმოადგენენ. ამასთან, ახალ მოსამართლეებს შორის ყოფილი პროკურორები და მაგისტრებიც არიან.

ნაზი ჯანეზაშვილი ერთ ერთ ახალ მოსამართლეს, კობა ჩაგანავასაც ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, სააპელაციოს მოსამართლესთან, რევაზ ნადარაიასთან დაახლოებული პირია.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, გასულ ღამეს 36 ახალი მოსამართლე დანიშნა.

გადაწყვეტილება საბჭომ იმ ფონზე მიიღო, როდესაც რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე სასამართლო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასამართლოს პრობლემებზე ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო მდივანი "სასამართლო კლანის" შესახებ ინფორმირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი