არავინ იცის, დამთხვევაა, თუ კანონზომიერება, მაგრამ სახელმწიფო მდივნების ვიზიტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხ და მნიშვნელოვან მომენტებს დროში ყოველთვის ემთხვევა. ასე იყო მაშინაც, როცა საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებაში მოდიოდა პუტჩის გზით. ასე იყო მაშინაც, როცა ის მიდიოდა 2003 წელს და ასე იყო 2012 წლის არჩევნების წინაც, როცა ბიძინა ივანიშვილი პირველ განაცხადს აკეთებდა პოლიტიკურ ამბიციებზე და ქვეყანას ჰილარი კლინტონი სტუმრობდა.
ჯეიმს ბეიკერი პირველი ამერიკელი იყო, ვინც 1992 წელს ოფიციალური სამთავრობო ვიზიტით ესტუმრა დამოუკიდებელ საქართველოს. საბჭოთა მარწუხებიდან გათავისუფლებული ქვეყნისთვის ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაშინ საქართველო მწვავე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში იყო. პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მხარდამჭერები ედუარდ შევარდნაძისა და "ხუნტის" წინააღმდეგ მასობრივ მიტინგებს აწყობდნენ. 26 მაისის მიტინგი კი, რომელიც ბეიკერის დახვედრის ცერემონიას დაემთხვა, მხედრიონმა სასტიკად დაარბია.
მეორე ოფიციალური ვიზიტი 2005 წელს შედგა, როცა თბილისს აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში ესტუმრა. ის საქართველოში ჩამოსვლამდე მოსკოვში იმყოფებოდა. სიმბოლურია, რომ მან მოსკოვი 9 მაისს დატოვა და ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა რუსებს საპატიო სტუმრის გარეშე მოუწიათ.
მნიშვნელოვანი იყო დღეს უკვე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის, ჯო ბაიდენის, ვიზიტიც 2009 წელს, როდესაც მან საქართველოს პარლამენტში თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: "ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები მუდამ თქვენ გვერდით ვიდგებით თავისუფალი, დემოკრატიული და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაერთიანებული საქართველოს მშენებლობაში".
სხვადასხვა დროს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ჰილარი კლინტონი, კონდოლიზა რაისი, ჯონ კერი, მაიკ პენსი, მაგრამ საქართველოსთან ყველაზე ახლო კავშირი მაინც ჯონ მაკკეინს ჰქონდა.
2020 წლის 17 კი, საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია. მან საქართველოში სულ რამდენიმე საათი გაატარა.
მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს,
პრემიერს, პატრიარქს და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.