მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების ამაღლებაში წარმატებას მიაღწია.
"საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ პროგრესზე საუბრით ვისიამოვნე. საქართველომ მიაღწია პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გამტკიცებაში", - წერს მაიკ პომპეო.
აქვე შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაიკ პომპეოსა და საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა, რომ სასამართლო რეფორმისა და კანონის უზენაესობის კუთხით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მოგვიანებით მან განცხადებაც გაავრცელა. პომპეომ თქვა, რომ ამერიკა ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ათონელის რეზიდენციაში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რეგიონის საკითხებში.
პრეზიდენტის შემდეგ, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა. გახარიამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა რაც ქვეყანას გააჩნია და გრძნობენ, აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა.