ღია სივრცეში კორონავირუსის გავრცელების ძალიან ცოტა შემთხვევა გამოვლინდა – სამეცნიერო კვლევები

გამოქვეყნდა:

ღია სივრცე კორონავირუსის გავრცელებისთვის დახურულ სივრცეზე ნაკლებად სარისკოდ მიიჩნევა.

IMA–ს კვლევითი ცენტრის, კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს დახურული სივრცეები და შეადარეს ღია ცის ქვეშას, ღია სივრცეში, კორონავირუსის აეროზოლიზაციას ჰაერი ასუსტებს და ფანტავს COVID-19–ის გავრცელებულ ნაწილაკებს, ამიტომაც, კვლევის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების ალბათობა, ღია სივრცეში, ნაკლებია.

კენტენბურგის უნივერსიტეტის პროფესორების, მაიკ ვიდის და ევი ფოადის კვლევის თანახმად, ღია სივრცეში კორონავირუსის გავრცელება ნაკლებია, რაც, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ძალიან მნიშნველოვანი ფაქტორია ისეთი ღია შეკრებებისთვის, როგორიცაა სპორტული ღონისძიება, პროტესტი, კონცერტი და ფესტივალი. 

"კვლევის შედეგებით, ღია სივრცეში კორონავირუსის გავრცელების ძალიან ცოტა შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა გააჩნია ხალხის რაოდენობას და ამინდს. ჯერჯერობით კორონავირუსის ღია სივრცეში მასობრივი ძლიერი გავრცელების (რაც 10 000–ზე მეტ ადამიანს გულისხმობს) არანაირი შემთხვევა  არ არსებობს." – წერენ კენტენბურგის კვლევის ანგარიშში.

კენტენბურგის უნივერსიტეტის კვლევა ნახევარი თვის განმავლობაში ღია სივრცეში თავშეყრის 14 შემთხვევაზე დაკვირვებას ეყრდნობა, ჯამში 25 000 ადამიანს.

კენტენბურგის კვლევა, ღია სივრცეში თავშეყრის შემთხვევებზე დაკვირვებითა და სამედიცინო ლიტერატურაზე, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ასკვნის, რომ ღია სივრცე კორონავირუსის გავრცელებისთვის, სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების შემთხვევაში, ნაკლებ რისკს წარმოადგენს.

ნიუ იორკის, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორის, მელისა ბრონშტეინის თქმით, კორონავირუსი არ ვრცელდება ქარშიც.

"კორონავირუსის წვეთები ქარს შორს ვერ მიაქვს, ქარს შეუძლია კორონავირუსის წვეთებს შორის დისტანცია გაზარდოს, სანამ ის მიწას მიაღწევს, ქარში კორონავირუსის ნაწილაკი ჰაერში დიდხანს ვერ დარჩება." – ამბობს ნიუ იორკის, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორი მელისა ბრონშტეინი.

ბრონშტეინის თქმითვე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ღია სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, ღია სივრცეში, ჰაერში ტემპერატურის ზრდასთან ერთად, კორონავირუსის გავრცელება მცირდება.

ჰარვარდის კვლევით დადგინდა, რომ  ყოველი 1.8 გრადუსით ჰაერის ტემპერატურის მომატება, 3.1%–ით ამცირებს ვირუსის გავრცელების რეპროდუქციულ რიცხვს. რეპოდუქციული რიცხვი, იზომება ერთი ადამიანის მიერ სხვისთვის გადადებით გამოწვეული ვირუსის გავრცელების საშუალოთი. ამ კვლევაშიც, რეკომენდაცია ეწევა ღია და თბილ სივრცეშიც, პირბადის ტარებას და სოციალურ დისტანციას.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, დახურული სივრცე, რომელიც არ ნიავდება კორონავირუსის გავრცელების მეტ საფრთხეს შეიცავს, ასევე, თუ ხალხი პირბადეს არ ატარებს, ვირუსი მეტად გავრცელდება. ასევე მნიშნველოვანია, ღია სივრცეშიც პირბადის ტარება, მითუმეტეს თუ ხალხმრავლობის გამო დისტანციის დაცვა რთულია.

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, თქვა, რომ კორონავირუსი საქართველოში აქციებმა გაავრცელა და ქვეყანაში პოსტ–არჩევნების ეფექტი გვაქვს. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ვიცეპრემიერი, მაია ცქიტიშვილიც, კორონავირუსის ბოლოდროინდელ სტატისტიკასა და რეკორდულ მაჩვენებლებს ოპოზიციის აქციებს უკავშირებს.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაცია მძიმეა, ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა კოლაფსშია და საწოლფონდისა და სასუნთქი აპარატების რაოდენობა დღითი დღე იკლებს. საქართველოში ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

საქართველო კი, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, კორონავირუსის შემთხვევების დღიური მატების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა და დღიური ინფიცირების მატებით ჩინეთს უსწრებს.

როგორ ვრცელდება ორგანიზმში კორონავირუსი და როგორ მოქმედებს ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ იხილეთ აქ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი