საქართველო კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ჩინეთს, აზერბაიჯანსა და საბერძნეთს უსწრებს

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება - ბოლო 24 საათში ვირუსით დაინფიცირდა 4 048 ადამიანი და გარდაიცვალა 49 პაციენტი, რაც სიკვდილიანობის თვალსაზრისით ასევე რეკორდული მაჩვენებელია. 

COVID-19-ის საერთო შემთხვევების რიცხვით, საქართველო უკვე უსწრებს ჩინეთს სადაც 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს; აზერბაიჯანს, რომელშიც მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონია და 10.7 მილიონიან საბერძნეთსაც

Stopcov.ge-ს ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან - ანუ 26 თებერვლიდან - ქვეყანაში 104 732 ადამიანი ინფიცირდა, რაც შეეხება დანარჩენი ქვეყნების სტატისტიკას:

  • ჩინეთში ჯამში ინფიცირდა - 86 431
  • აზერბაიჯანში - 89 898
  • საბერძნეთში - 90 121

საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ექსპერტები ინფიცირებისა და სიკვდილიანობის ზრდას ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს, დაგვიანებულ დიაგნოსტიკასა და ჰოსპიტალიზაციას უკავშირებენ. 

თავის მხრივ, დაგვიანდა სეზონური გრიპის ვაქცინის დროულად და საჭირო რაოდენობით შემოტანაც, შესაბამისად, მოსახლეობაზე დისტრიბუციაც - ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები ამტკიცებდნენ, რომ  ქვეყანაში  ვაქცინის საჭირო რაოდენობას შემოიტანდენენ, თუმცა მოქალაქეები ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან მას. დაპირებული 250 000 ვაქცინის ნაცვლად, მხოლოდ 25 000 შემოიტანეს, რაც რისკ-ჯგუფებისთვისაც კი არასაკმარისია. 

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, მსოფლიო ამ მხრივ დამაიმედებელ ახალ ამბებს გვაწვდის - Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ  მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, Moderna-ს ვაქცინა კი თითქმის 95%-ით. თუმცა ასე დამაიმედებლად არ გამოიყურება საქართველოს ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც ნავარაუდებია, რომ  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, საქართველომ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მიიღოს.

თავის მხრივ, კორონავირუსი გამოწვევა არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ ტურიზმისა და, მათ შორის, ეკონომიკისთვისაც. ​საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელს 2024 წელზე უფრო ადრე ვერ დაუბრუნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი