ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის რუსული ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. 

პუტინის გადაწყვეტილებაზე განმარტებას, რუსულ interfax–თან კრემლის პრესსპიკერი აკეთებს.

"პრეზიდენტი არასერთიფიცირებულ ვაქცინას ვერ გამოიყენებს, მას შემდეგ რაც ყველა ახლა მიმდინარე პროცესი დასრულდება, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, ამის შესახებ შეგატყობინებთ." – ასე უპასუხა პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტის შეკითხვას – რატომ არ აიცრა მთავრობის მეთაური კორონავირუსის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, სამი დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა, ბრიქსის სამიტზე, თქვა, რომ რუსეთში შექმნილი ვაქცინა უსაფრთხოა, მუშაობს და ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას მოუწოდა, გაერთიანდნენ ვაქცინების შესაქმნელად.

მანამდე, ვლადიმერ პუტინმა, რუსული სპუტნიკის ვაქცინას, მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლო პირველი ვაქცინაც უწოდა. 

აგვისტოში, ვლადიმერ პუტინმა, თქვა, რომ რუსული კორონავირუსის ვაქცინამ ტესტირების პროცესი გაიარა და უსაფრთხო აღმოჩნდა, პრეზიდენტმა დაამატა ისიც, რომ მისმა ქალიშვილმა ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო, ვაქცინის ორი დოზა გაიკეთა და ტემპერატურის მომატებასაც გრძნობდა, რამაც მალევე გაუარა: "ის თავს კარგად გრძნობს და ორგანიზმში ბევრი ანტისხეული აქვს" – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, თავისი ორი ქალიშვილიდან ერთ–ერთზე, რომლის ვინაობაც არ დაუზუსტებია.

ამერიკული Pfizer–ის მიერ კორონავირუსის ვაქცინის 90 %–ით ეფექტურობის გამოვლენა, მსოფლიოში პირველი დადასტურება იყო იმისა, რომ კორონავირუსის ვაქცინა იმუშავებდა. რუსულმა სპუტნიკმა, Pfizer–ის განცხადებიდან ორ დღეში გამოაცხადა, რომ რუსული ვაქცინა – 92%–ით ეფექტური იყო.

ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთი 2 მილიონი  COVID-ინფიცირებულით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მეხუთე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ Pfizer-BioNTech-ისა და Moderna–ს ვაქცინებს, რომლებმაც 95%–იანი ეფექტურობა აჩვენეს, გუშინ ოქსფორდის ვაქცინაც შეუერთდა, 70%–იანი ეფექტურობით.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი