"არ ასახავს შეხვედრის შინაარსს" - საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საგარეოს პრესრელიზს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს. საქართველოს საგარეო უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსი კოლეგების მიერ პრესისთვის მომზადებული განცხადება ბოლო შეხვედრისას განხილული საკითხების შესხახებ, შესაძლოა, ასახავსრუსეთის მიდგომებს ცალკეულ საკითხებზე, მაგრამ არ ასახავს შეხვედრის შინაარსსსა და თემატიკას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორც წესი თავს იკავებს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული შეხვედრების კომენტირებისაგან, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დასაწყისში მხარეები აფიქსირებენ პოზიციებს სხვადასახვა აქტუალურ თემებზე, მათი განხილვა ან მით უმეტეს მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

მორიგი შეხვედრის დასრულებისთანავე, რომელიც ვიდეო-ტელე კონფერენციის ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ დაწვრილებითი პრეს-რელიზი გაავრცელა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც სამწუხაროდ მოყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია პრესისათვის, რომელიც შესაძლოა ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს არ განხილულა „კოვიდ 19“ ვაქცინის საკითხი, ისევე როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მით უმეტეს არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის აშშ-ს მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი.

შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ჟენევის მორიგი რაუნდი, არაერთგზის გადადების შემდეგ, დაგეგმილია 10-11 დეკემბერს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 28 ნოემბერს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პროვოკაცია" უწოდა. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა იყო. 

ფაქტზე განმარტება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, სადაც ზურაბ აბაშიძე ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები არ განუხილავთ და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.

დღესვე სამოქალაქო აქტივისტები აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე 20 ივნისის მოვლენების განხილვასა და ორმხრივი მზაობის გამოხატვას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ნამგალი და ურო დახატეს, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დროებით კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთება სურდათ. დაპრისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა და ორი აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი დააკვეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი