ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის ვიდეოკონფერენციის ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის დახურული შეხვედრის ვიდეოკონფერენციის ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს, რათა გაირკვეს რა ისაუბრეს მხარეებმა 20 ივნისს მოვლენებზე.

ოპოზიცია მზადაა იმისთვისაც, რომ ჩანაწერი დახურულ ფორმატში, ოპოზიციის ლიდერებისთვის მაინც გასაჯაროვდეს.

"მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არ ყოფილა საუბარი გავრილოვის ღამეზე და რუსეთის მხარე პროპაგანდისთვის იყენებს ამ შეხვედრას, მათსავე ინტერესებშია, რომ გასაჯაროვდეს ჩანაწერი ამ საუბრის, საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე იყო თუ არა საუბარი გავრილოვის ღამეზე ქართველ ნაციონალისტებზე და ა.შ. თუ საგარეოს და აბაშიძეს არ სურს ეს ჩანაწერი გასაჯაროვდეს სრულიად საზოგადოებისთვის, მაშინ შესაძლებელია, რომ დახურული ფორმატი მოვიფიქროთ" – ამბობს ნაციონლური მოძრაობის ლიდერი სალომე სამადაშვილი.

ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აბაშიძის გაკეთებული განმარტებები, გავრილოვზე საუბართან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავია.

"ის, რა რეაქციაც, ჰქონდა ხელისუფლებას, მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, არის ურთიერთგამომრიცხავი განმარტებების გაკეთება. ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ ამ თემაზე საერთოდ ლაპარკი არ იყო, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთისგან სხვა ინტერპრეტაცია იყო. ჩვენ უნდა ვისხდეთ და ვიმსჯელოთ, რამდენად გაყიდა ოცნებამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. "– ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი ელენე ხოშტარია.

"ლელოში" ფიქრობენ, რომ აბაშიძე–კარასინის ფორმატი მიუღებელია და ჩანაწერები უნდა გასაჯაროვდეს. 

"აბაშიძე–კარასინის ფორმატი თავიდანვე იყო პრობლემური, საერთოდ არ არის ეს ფორმატი არც გამჭირვალე, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ფორმატში განხილული რამ, გახდა დავის საგანი. ერთადერთი გამოსავალი არის ჩანაწერის გასაჯაროება." – ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.

ზურაბ აბაშიძემ, კი თქვა, რომ შეხვედრაზე გავრილოვის საკითხი განხიული არ იყო, თუმცა რუსეთს ეს ამბავი კარგად ახსოვს. 

აქვე გეტყვით, რომ 28 ნოემბერს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პროვოკაცია" უწოდა. ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტა იყო. 

ფაქტზე განმარტება გაავრცელა საქართველოს მთავრობამ, სადაც ზურაბ აბაშიძე ამტკიცებს, რომ შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები არ განუხილავთ და ეს რუსეთის ინტერპრეტაციაა.

მოგვიანებით, განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, და თქვა, რომ რუსი კოლეგების მიერ პრესისთვის მომზადებული განცხადება ბოლო შეხვედრისას განხილული საკითხების შესხახებ, შესაძლოა, ასახავსრუსეთის მიდგომებს ცალკეულ საკითხებზე, მაგრამ არ ასახავს შეხვედრის შინაარსსსა და თემატიკას. 

აბაშიძე–კარასინის შეხვედრის შინაარსს, სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა, პარლამენტის წინ ორი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს, შემდგომ კი ხელწერილით გაათავისუფლეს, პოლიციელებმა დაკავებისას ერთ–ერთი მოქალაქის თათუშა არველაძის ხელი მანქანის კარებში მოაყოლეს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი