ეს არის იმ რეალობის დემონსტრირება, რომელშიც ვცხოვრობთ - NGO 24 საათში დანიშნულ და გადადებულ პოლიტიკურ სასამართლოებზე

გამოქვეყნდა:

ერთმანეთის მიყოლებით დაანონსებული პოლიტიკური სასამართლო პროცესები, ზუსტად 24 საათში, ერთმანეთის მიყოლებითვე გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზად საქალაქო სასამართლო პანდემიას ასახელებს.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ წინასწარ გამოცხადებული პოლიტიკური რეპრესიების ქრონიკა და გადადებული პროცესებიც იმის დასტურია, რომ ქვეყანაში ყველაფერს ერთი ადამიანი მართავს და სასამართლო სისტემა სრულად ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება.

"ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის პრობლემას, როგორც კონსტიტუციური ორგანოების დამოუკიდებლობის გამოწვევას. ეს კონკრეტული შემთხვევაც ამას გვიჩვენებს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე კი არ არის გადაწყვეტილების მიმღები, არც საქმის ჩანიშვნა და არც გადადება არ იყო მისი გადაწყვეტილება. რა შეხებაშია იუსტიციის საბჭო, თუ საქმე იხილება ისე, რომ საქმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური მოტივები. ეს არც გასახარია და არც დიდი ტრაგედიაა ამ ქვეყანაში, ამ საქმის დაწყება და შეწყვეტა. ეს არის იმ რეალობის დემონსტრირება, რომელშიც გვიწევს ყოფნა", - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

ცნობისთვის, გუშინ ჯერ ნიკა გვარამიას, შემდეგ კი ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესები ჩაინიშნა.

მას შემდეგ კი, რაც სასამართლო პროცესების ჩანიშვნა პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მიერ აღქმული იქნა, როგორც პოლიტიკური მძევლების აყვანის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მას მწვავე შეფასებები მოჰყვა, გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესები გაურკვეველი ვადით გადაიდო, ოფიციალურ მიზეზად კი, კოვიდპანდემია დასახელდა. საქალაქო სასამართლომ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სამივე კატეგორიის ასამდე საქმის განხილვა გადადებულია. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი