პროკურატურამ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. უწყება ამტკიცებს, რომ აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით 50 000 დოლარი შესთავაზეს, სანაცვლოდ კი დემონსტრაციულად კომისიის დატოვება მოსთხოვეს.
გასაჯაროვებულ მინაწერებში ფიგურირებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეც: " ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს - რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა".
"ისეთ უსინდისობაზე მიდის სასამართლო, რაც პარტიამ გაახმოვანა პირდაპირ იგივე დადო თავის საიტზე. დაარქვა მკვლელობის საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი მოამწიფოს ამისთვის. დღეს უსინდისოდ კიდევ ერთხელ გამოდის, რა დონის უსუსურები არიან, პასუხი მაინც აჩვენონ თედოსი, მუქარად აღიქვა ეს ყველაფერი და უპასუხა თქვენი ღლიცინის დრო არ მაქვს?! აჩვენონ, გააგრძელონ", - ამბობს აკაკი კობალაძის ცოლი, სოფო სოსელია.
აკაკი ხუსკივაძის ცოლი, ნათია მეტონიძე ვარაუდობს, რომ უწყებას დაკავებულების პატიმრობაში დატოვება უნდა და საზოგადოებაში წინასწარ განწყობას ქმნის.
რაც შეეხება ადვოკატს, ბექა ბასიალია ამბობს, რომ გასაჯაროებული ჩათი არა ბრალდების, არამედ დაკავებულების სასარგებლოდ მეტყველებს.
"ხატია დეკანოიძემ შეგიყვანა დასაჭერ პირთა სიაში, ეს როგორ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ მითუმეტეს მეგობრებს შორის მიმოწერისას. რა სია, რა დასაჭერი პირები, ეს სრული კომიზმია. როგორ შეიძლება მსგავსი ტიპის შინაარსის მესიჯები გამოიყენებოდეს მტკიცებულებად, ეს კიდევ ერთხელ ხაზსს უსვამს, რომ ხუსკივაძე და კობალაძე პროპაგანდის პატიმრები არიან", - თქვა ბექა ბასილაიამ.
პროცესი 10 დეკემბერსაა ჩანიშნული.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დაკითხვებზე დაიბარეს და დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
შსს ამტკიცებს, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, შსს-ს მტკიცებით მას დაემუქრნენ.