კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკის ზრდის ფონზე, ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყანა ლეტალობის დაბალ მაჩვენებელზე რჩება.
ეკატერინე ტიკარაძე თავადაც აღიარებს, რომ მოსახლეობისთვის რთული ასახსნელია, როგორ შეიძლება იყოს კორონავირუსის ლეტალობა დაბალი, როცა ყოველდღიურად გარდაცვალების 30-ზე მეტ შემთხვევაა, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ ამის ანალიზი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან კეთდება.
"ლეტალობის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოს ლეტალობის სტატისტიკა არის 0.9%, აქიდან გამომდინარე ძალიან რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც აბსოლუტურ რიცხვებში ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაცხადებთ, 30–ზე მეტ ლეტალობის შემთხვევას, თუმცა, როდესაც ამის ანალიზი კეთდება, საქართველო დღესდღეობით იმყოფება საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე ლეტალობის მხრივ" , – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
ანალიტიკოსები ტიკარაძის ნათქვამს აფასებენ და ამბობენ, რომ მინისტრი, მმართველი გუნდის მსგავსად, აცდენილია საქართველში არსებულ რეალობას.
"საერთოდ ეს ხალხი გასულია ასტრალში, სხვა ქვეყანაში იმყოფებიან ალბათ, ყოველდღიური შემთხვევა როდესაც 5000–ს გადასცდა, საუბარი იმაზე, რომ კარგი მდგომარეობა გვაქვს, არასწორია, მოსახლეობაც ხედავს ამას, რომ ელემენტარულად ტესტის ჩატარებას ბრძოლა უნდა" – ამბობს, "ენმ"–ს წევრი ლევან ანთაძე
ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ახალგაზრდების გარდაცვალებაზე, პასუხისმგებლობა ჯანდაცვის მინისტრს ეკისრება.
"არ უნდა კვდებოდეს 19 წლის გოგო იმიტომ, რომ საავადმყოფოს მსგავსად მოათავსეს კოვიდ–სასტუმროში. თუ სისტემის ბრალია, ესე იგი სისტემის მმართველია დამნაშავე, ასევე, პრემიერმინისტრიც." – ამბობს "ლელოს" წევრი ვატო სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ახალგაზრდებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მოაწყვეს და ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მოითხოვეს.
მკვლელო ოროსანო ტიკარაძე, გამოდი და შეხვდი ხალხს – ამ მოთხოვნით აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გუშინაც გაიმართა.პროტესტის კორონავირუსით 19 წლის თეკლა თორდიას და 24 წლის ნინო გულიკაშვილის გარდაცვალებას მოჰყვა.
31 წლის რუსუდან კოკობინაძე COVID-19-ით გუშინ საკეისრო კვეთიდან ერთ კვირაში დაიღუპა
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გარდაცვალების შემთხვევებზე პასუხისმგებლობას იხსნიან და ამბობენ, რომ მოკვლევა მიმდინარეობს.
2 დეკემბერს კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 336 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.