"გირჩის" ლიდერების ნაწილი, იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი ამბობენ, რომ დღეიდან შიდა კონფლიქტზე მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ და ამის განხილვა მხოლოდ შიდა ჯგუფებში გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ "გირჩის" დახურულ ჯგუფში პირველი მსგავსი შეხვედრა დღეს, 5 დეკემბერს 8 საათზეა ჩანიშნული.
"არ მახსოვს საკითხი, რომ ამ ოფისში მოვსულიყავით და მე და ზურა ჯაფარიძე არ ვყოფილიყავით თანამოაზრეები. გირჩის შიგნით სიტუაციაზე და ზურას და ჩვენ ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ყველა გირჩში რჩება, ასე არ წყდება საკითხი, გირჩის შიდა ჯგუფებში დავიწყებთ საუბარს თუ რამ მოგვიყვანა აქამდე", - თქვა იაგო ხვიჩიამ.
"დღეიდან საერთოდ მედიასთან გირჩის შიდა კონფლიქტზე საუბრები ჩვენი მხირდან იქნება შეწყვეტილი. გირჩი გააგრძელებს მხოლოდ თავის შიდა წრეში, Facebook ჯგუფებში განხილვას შიდა კონფლიქტის", - თქვა ვახო მეგრელიშვილმა.
მედიასთან კომენტარი დღეს პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს არ გაუკეთებია. მან დახურულ ჯგუფში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა ზურა ჯაფარიძემ, სადაც მისი მოთხოვნები გააჟღერა. ჯაფარიძე ამბობს, რომ პრეტენზია სახელ "გირჩზე" და პარტიის Facebook გვერდზე აქვს, სხვა ყველაფერს კი იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს, სანდრო რაქვიაშვილს და მის მხარდამჭერებს დაუტოვებს.
შეგახსენებთ, რომ 4 დეკემებრს ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.
მოგვიანებით, ვახო მეგრელიშვილმა ის 4 პირობა დაასახელა, რაც მისი თქმით, ჯაფარიძემ პარტიის სხვა წევრებს წუყენა. ჯაფარიძემ გუშინვე აღნიშნა, რომ რჩება "გირჩის" ლიდერად, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ჯერ უცნობია.