"ამაზ მეტი რა უნდა თქვან, აი გულზე ხელი დაიდეთ" - ასე აფასებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების საპასუხო წინაადებებს მოლაპარაკებების დროს.
"ბოლო შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო. ანუ 4 საკითხიდან გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა ვართო. ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო, ხო ხართ მაგარი ბიჭებიო, ხომ ამბობთ გაყალბდაო, როგორც გინდათ ისე დაგვიდასტურეთო, რასაც ენდობით ის მოგვიტანეთო.... ამაზე მეტი რა უნდა თქვან, აი გულზე ხელი დაიდეთ რა. მთელი ერთი თვე რაზეც მოლაპარაკება მიდის, რაზეც ვახურებთ, რაზეც ვჩუბობთ, რასაც ვითხოვთ ოპოზიცია, ოთხივე საკითხზე პრინციპში შეთანხმებულები ვართ", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე პრაქტიულად ოთხივე საკითხზე შეთანხმდნენ და თუ პირობები შესრულდება, მაშინ ოპოზიციამ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს და პარლამენტშიც შევიდეს.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა თავის facebook live-ში თქვა, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება. შემდეგ კი "მთავარ აქცენტებში" თქვა, რომ პირობების შესრულების შემთხვევაში, რომელიც მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება, პარლამენტში არ შევა.
ცნობისთვის, პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა.