"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ამბობს, რომ პირობების შესრულების შემთხვევაში, რომელიც მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება, პარლამენტში არ შევა.
"მიმიფურთხებია პარლამენტში შესვლისთვის. საერთოდ არ მინდა პარლამენტში შესვლა. ეს პირობები შესრულდეს, ამაზე ოპოზიციამ ხელი მოაწეროს, ოპოზიცია შევიდეს და უსინდისო ვიყო, მე ჩემი მანდატი უგულავას ცხვირ წინ თუ არ დავხიო", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
მისი თქმით, ოპოზიციის წევრები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე თითოეულ მოთხოვნას ბოლომდე იცავენ.
"იმ მოლაპარაკებებზე ჯოკრის სათამაშოდ კი არ ვართ, კბილებით ვიცავთ თითო პუნქტს და ვაწვებით ყველას და უკან დაიხიეს ოთხივეზე", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილის თქმით, იმ 4 მოთხოვნაზე, რომელიც ოპოზიციას აქვს, "ქართული ოცნება" თანხმდება და უკან იხევს. მოთხოვნებს შორისაა ვადამელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტმატიმრების გათავისუფლება, გაყალბებული არჩევნების გადათვლის ეფექტურ მექანიზმის შექმნა.
ასევე, ადასტურებს რომ დღის წესრიგშია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, როგორც ჩანიშნული საპარლამენტო, ისე - რიგგარეშე.
ასევე, "მთავარ აქცენტებში" ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ორი ირაკლი კობახიძე აღმოაჩინა. მისი თქმით, ელჩებთან შეხვედრის დროს, კობახიძე კორექტული და საქმიანია.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა თავის facebook live-ში თქვა, რომ თუ საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესები ისე შეიცვლება, როგორც ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს და ექნება გარანტია, რომ შეთანხმება შესრულდება, მაშინ პარლამენტში შესვლას დათანხმდება.
ამასთან, დღეს "დღის სტუმარში" ისაუბრა "მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა, რომელმაც თქვა, რომ "ევროპულ საქართველოს" "ნაციონალური მოძრაობა" ტყვეობაში ჰყავს, "მოქალაქეების" მიზანი კი ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა არ არის.
ცნობისთვის, პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა.