პარლამენტის პირველი სხდომის შეკრებამდე 18 საათი რჩება. ირაკლი კობახიძის საჯარო მუქარის შემდეგ, დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი გაუქმდა.
პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიცია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შეიკრიბება და მანდატებზე უარს იტყვის.
"ლელოში" ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის მეხუთე რაუნდი დაძაბულ გარემოში ჩაივლიდა.
"იმის გამო გადაიდო შეხვედრა ორშაბათისთვის, რომ ჩვენ მოვისმინეთ აგრესიული განცხადებები ოცნების მხრიდან და როცა შენ ემზადები მოლაპარაკებისთვის და ამავდროულად, აცხადებ, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი პარტიის რეგისტრაციის გაუქმებაზე დაიწყო მუშაობა და შეუწყვიტო დაფინანსება ყველა პარტიას, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, ასეთი განცხადება ანგრევს მოლაპარაკების ატმოსფეროს და მოლაპარაკება დღეს იქნებოდა დაძაბულ გარემოში და ნაკლებად პროდუქტიული", - ამბობს "ლელოს" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე.
სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის გუშინდელ ბრიფინგს წინ უსწრებდა "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე თათბირი, სადაც გიორგი ვოლსკიმ დააყენა საკითხი, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას არც ერთი საკითხი არ უნდა დაუთმოს.
"ირაკლი კობახიძის ბრიფინგს წინ უძღოდა თათბირი, სადაც ვოლსკი აფიქსირებდა, რომ მოლაპარაკებებზე არანაირი დათმობაზე წასვლა არ შეიძლება. რომ ეს ნიშნავს ხელისუფლების დათმობა და ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნებიდან" ბევრ ადამიანს ემუქრება დევნა, ციხე და ა.შ. ამიტომ, როგორც ჩანს, გუშინ ამ ხაზმა გაიმარჯვა "ოცნებაში", რომ ურჩევნიათ, ერთპარტიული პარლამენტით შეიკრიბონ და კობახიძე გამოვიდა და დაემუქრა ოპოზიციას განადგურებით", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ოპოზიციის შეხვედრას უერთდებიან: "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" "ლელო" "ლეიბორისტული პარტია".
"გირჩის" ნაწილის პოზიციაა, რომ თუ პარლამენტში ენმ შევა, მაშინ მანდატებს ისინიც მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არა. რაც შეეხება "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, პარტია მანდატებს არ დათმობს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციის ცნობილ მოთხოვნებს "ულტიმატუმები" უწოდა და "ენმ"-ის რეგისტრაციის გაუქმებითაც დაემუქრა.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა.
კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი შეკრებისთანავე არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმენას დააინიცირებს. კომისია უბნების მასშტაბურ გადათვლას დაიწყებს და 1%-იანი გადახრის შემთხვევაშიც კი, რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება.