სოლიდარობა აფრიკის დასახლებას, სახლი ყველას - ბანერების დაკიდებისთვის აქტივისტი დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, მერიის შენობასთან, ერთ-ერთ მშენებლობაზე აფრიკის დასახლებაში დაზარალებულების სოლიდარობის ნიშნად ბანერები გადმოკიდეს. ამ შენობას მერიის ფანჯრები უყურებს. აქტივისტების ბანერებს ეწერა: "სოლიდარობა აფრიკის დასახლებას", "სახლი ყველას".

მოგვიანებით, ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა და აქტივისტი გიორგი ღვინჯილია 200 ლარით დააჯარიმა. როგორც ბექა წიქარიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, დაჯარიმების მიზეზად სამართალდამცავებმა იერსახის დამახინჯება დაასახელეს. 

"დაჯარიმება ჩვენთვის არ არის მთავარი, მთავარია შელახული ღირსება და მთხოვნები რაც აქვთ ეს დაკმაყოფილდეს. უნდა დაუკანონდეთ ის რაც აქვთ და სათანადო ყურადღება მიექცეთ, ახლაც აქ ვართ და როგორ შეიძლება ვინმე აქ აგარეკს იშენებდეს, რასაც ამბობენ", - თქვა ბექა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევს. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა. 

სახლების ნგრევისას დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება.  სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი