ენმ–ისპოლიტსაბჭოს წევრი, სამგორში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს თავდებში დაუდგეს აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევისას პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაკავებულ ახალგაზრდას, ვანო ფოცხვერაშვილს, რომელიც ერთადერთია, ვინც 12 დაკავებულიდან ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
ხაბეიშვილი საზოგადოების სხვა წევრებსაც მოუწოდებს თავდებობისკენ, ასევე ფოცხვერაშვილს უფასო იურიდიულ მომსახურეობას სთავაზობს.
"პატიმრობაშია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იცავდა, მათ შორის ორსულ ქალბატონს, ფეხით რომ შედგნენ, მე ლევან ხაბეიშვილი, პირადად მზად ვარ, ჩავუდგე თავდებში და სასამართლოზე მისი უფლებადამცველი დამიძახებს თუ არა, გამოვცხადდე, იმიტომ რომ ეს უდანაშაულო ადამიანი, იმიტომ რომ იცავდა ორსულ ქალბატონს, იმიტომ რომ იცავდა ადგილობრივებს, პატარა ბავშვებს, რომელთაც უმოწყალოდ იმეტებდა პოლიცია, გათავისუფლდეს, უპირობოდ.
მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრსაც, დედაქალაქის მერსაც, რომ უზრუნველყოს ამ ბავშვის, ამ ახალგაზრდა ბიჭის თავისუფლება. ყველას მოვუწოდებ ჩაუდგნენ თავდებში ამ ახალგაზრდას, როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
მე ასევე შევთავაზე მათ იურისტის, ადვოკატის მომსახურეობა, ამ ბავშვის ოჯახს აქედანვე მინდა შევუთვალო, რომ მზად ვარ უფასოდ მოემსახუროს ადვოკატი, ჩავუდგე თავდებში და ყველამ ერთად ეს ახალგზრდა ბიჭი დავიხსნათ ტყვეობისგან." - თქვა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
ვანო ფოცხვერაშვილი გუშინ დემონტაჟის დროს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს და ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
ფოცხვერაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის ნაცემია. ამასთან, ახლობლების თქმით, ის მუხლი, რომლითაც ედავებიან, არასამართლიანია, რადგანაც მას არაფერი დაუშავებია.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევის პროცესში დაკავებული 12 მოქალაქიდან 11 თავისუფალია, პატიმრობაში მხოლოდ ვანო ფოცხვერაშვილი რჩება.
გუშინ მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა.
კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზეც განმარტა, რომ დემონტაჟი კანონიერი იყო.