აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ოჯახების სოლიდარობის აქცია დედაქალაქის ცენტრში ისე დასრულდა, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს არ შეხვდნენ.
სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდნენ თავად აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ოჯახებიც, რომლებიც ითხოვდნენ, დაუკანონონ ის ტერიტორიები, სადაც უკვე წლებია, მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.
ასევე, ერთერთი მთავარი მოთხოვნა, რაც დღეს მერიასთან გაჟღერდა, ვანო ფოცხვერაშვილის გათავისუფლებაა. ახალგაზრდა სახლების დემონტაჟის დროს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.
მას თავდებში ლევან ხაბეიშვილი უდგება, განცხადება მან მერიის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა.
თბილისის მერმა დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟი კანონიერი იყო. ამასთან, თქვა, რომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებს სხვა ბინებიც აქვთ და მათი ქონება დაითვალა.