"მთავარი არხის" ერთერთ დამფუძნებელზე და პოლიტპატიმარ გიორგი რურუაზე თავდასხმის ფაქტზე ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პენიტენციური სამსახურის ყოფილი თანამშრომლების აღმკვეთ ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროკურატურა ბრალდებულებს სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.
ერთერთი ბრალდებულის ადვოკატი, გოგიტა ბახტაძე ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან
"ბრალდების მხარე ედავება სამსახურებრივ გულგრილობას, რაც გამოიხატა იმაში, რომ რეალურად ურდულის კარი დარჩა დაუკეტავი, მაშინ, როდესაც უკვე ჩხუბი მიმდინარეობდა. ადვოკატთან შეხვედრის მომენტში ყველა საკნის კარი უნდა ყოფილიყო დაკეტილი და ვინაიდან ერთერთ საკანში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები ამას მეთვალყურეობდა უშუალოდ ჩემი ბრალდებული. გამომდინარე აქედან ეს კარებიც იყო მიხურულ მდგომარეობაში. უბრალოდ ურდულით არ იყო ჩაკეტილი. ბრალდებულის პოზიციას გაგიმხელთ, იგი აღიარებს დანაშაულს და შესაბამისად სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან", - ამბობს ადვოკატი გოგიტა ბახტაძე
პროკურორი, თორნიკე არეშიძე ამბობს, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა და გადაყენებულები არიან თანამდებობიდან. პროკურატურისვე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება გარკვეული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 17 დეკემებრს, გიორგი რურუას ცემის საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს,1 ნოემბერს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ. რურუაზე თავდასხმისთვის ციხის 2 თანამშრომელი,16 დეკემბერს დააკავეს.
ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.
გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.