"როგორც პრემიერმინისტრი, გეუბნებით, რომ თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობაში და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა, რა ფორმით დაბრუნდება, ვნახოთ", - ასე პასუხობს გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, მოიაზრება თუ არა თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ამასთან, გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას - რატომ აპირებს მთავრობა კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას მაშინ, როცა უწყება განათლების სამინისტროს ორი წლის წინ შეუერთდა - პრემიერმინისტრი პასუხობს, რომ ადამიანმა, შეიძლება, შეცდომა დაუშვას, მაგრამ ეს შეცდომა უნდა გამოასწოროს.
"ჩვენ ხომ ადამიანები ვართ?! შეიძლება, შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის შეცდომა უნდა გამოასწორო. რეალურად, ამ ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მართლა რთული ვითარება, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მართლაც საჭიროებენ ცალკე ჩამოყალიბებულ სამინისტროს. კიდევ ერთი რამ არის, ჩვენი კულტურა და კულტურული მემკვირეობა შეუფასებელია და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცალკე სამინისტროა საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს როგორც კულტურის განვითარება, ისე - შემდგომი კომერციალიზაცია", - ამბობს გიორგი გახარია.
მისივე თქმით, ვინ უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
რაც შეეხება სპორტს, გიორგი გახარიას თქმით, სპორტის ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არაერთგვაროვანია და დისკუსიის საგანია.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას და კულტურის სამინისტროს ცალკე დაფუძნებას გეგმავს. განათლების სამინისტროს კულტურა და სპორტი 2018 წელს, შეუერთეს, რასაც გია ვოლსკი შეცდომას უწოდებს - ისედაც თავიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც გავაერთიანეთ - თქვა მან.