"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ISFED ცდილობს ყველას "ბავშვური ტყუილი" დააჯეროს და ნაცვლად არჩევნებისა, გაირკვა, რომ ქვეყანაში პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გაყალბდა.
"პრაქტიკულად გამოდის, რომ ეს ხალხი თავისი "შეცდომით" ქვეყანას ატრიალებდა, ცესკოს გაყალბებას აბრალებდა და დღეს ცდილობენ ეს ყველაფერი ადამიანური შეცდომით და შემთხვევითობით გაამართლონ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და ამავდროულად დაუჯერებელია. მათ კიდევ ერთი ძალიან სერიოუზლი "ხარვეზი" და რეალურად, შეცდომაც შეიძლება დავარქვათ, მოუვიდათ და ისინი ამბობენ, რომ თითქოს ეს იყო მიყურადების შედეგად გამჟღავნებული ამბავი, 3 ნოემბერს გავაკეთე მე პირადად პირველი განცხადება", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ პარტიამ 3-ში ეს ინფორმაცია უკვე იცოდა, რა მოისმინა ვიღაცამ, რა ინფორმაცია მიიღო ჩვენი მხრიდან ვინმემ, რომ ესე იგი გააყალბეს?! მდინარაძის აზრით, შეგნებული გაყალბება მოხდა.
ამ თემაზე მმართველი გუნდიდან კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც თქვა, რომ ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა.
ISFED-ის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის თანამდებობის დატოვება პრობლემა არ იყო, თუ ეს ორგანიზაციის რეპუტაციას დაიცავდა. ნიჟარაძემ კატეგორიულად გამორიცხა ბრალდება, რომ შეიძლება ის ოპოზიციასთან ერთად მოქმედებდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 დეკემბერს, სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარეს, ელენე ნიჟარაძეს უფლებამოსილება შეუჩერა.
ცნობისთვის,"სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.
"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.
შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.