"მთავარი არხის" მიმართ სანქციები ირაკლი კობახიძემ დააანონსა. მან მარეგულირებლის მხრიდან ჯარიმის სავარაუდო დაკისრება არ იკმარა და "მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.
ირაკლი კობახიძემ უკვე დაასახელა ის თანხა, რასაც კომპენსაციის სახით სამართლოზე მოითხოვს "ქართული ოცნება", ეს, სავარაუდოდ, 200.000 ლარი იქნება.
"დაანგარიშებული იქნება საეთერო დრო, მოვითხოვთ კომპენსაციასაც და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი 200.000 ლარი იქნება", - განაცხადა მედიასთან საუბარში ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში და მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ "მთავარი არხი და ზოგადად, კრიტიკული მედია ერთადერთი დამაბრკოლებელი საშუალებაა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის.
"მთავარი არხი" და ზოგადად, კრიტიკული მედია, ეს არის იარაღი საქართველოს მოქალაქეების ხელში, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ივანიშვილის რეჟიმს მისი მიზნების შესრულებაში, შესაბამისად, რეჟიმი, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ სტრუქტურად, ყველანაირად ეცდება, ხელი შეუშალოს მის ფუნქციონირებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს,რომ რეჟიმი წავა იქამდე, რამდენის უფლებასაც ჩვენ მივცემთ,- ამბობს ენმ-ს ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
"სასამართლო გახდა ერთერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი ებრძვის კრიტიკულ მედიას, და ამ ფსევდოთავისუფალ სასამართლოზე კობახიძის მინიშნება იყო კიდევ ერთი მუქარის ფორმა", - ამბობს საბა ბუაძე, "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი
შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მიიღო გადაწყვეტილება უფასო წინასაარჩევნო რეკლამაზე უარის თქმის შესახებ, რითაც მან პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და ყველა საარჩევნო სუბიექტს უთხრა უარი უფასო სარეკლამო დროზე.