ბრიტანეთში ერთი პაციენტისთვის რამდენიმე სახის COVID-19-ის საწინაამდეგო ვაქცინის გაკეთება დაუშვეს. ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, ვაქცინების შერევა იმ შემთხვევებში დაიშვება, თუ პაციენტისთვის უცნობია, თავდაპირველად რომელი ვაქცინით აიცრა, ან თუკი ის ვაქცინა ხელმიუწვდომელია.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პაციენტმა მეორე ჯერზეც იგივე ვაქცინა მიიღოს, რაც პირველად გაიკეთა, თუმცა, საერთოდ აუცრელობას სჯობს, განსხვავებული ვაქცინების მიღება იყოს შესაძლებელი"- ამბობს მარი რემსი, ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
აქვე გეტყვით, რომ დიდ ბრიტანეთში უკვე მესამე დღეა, ვირუსი 24 საათში 50 ათასზე მეტ მოქალაქეს უდასტურდება. გუშინ კი, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთში პანდემიის დასაწყისში, მარტში აშენებული სპეციალური კოვიდცენტრები კიდევ ერთხელ გახსნეს, ლონდონში მცხოვრები დაწყებითი კლასის მოსწავლეები კი სკოლიდან დაითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში ამ დროისთვის 600 000 ადამიანი უკვე აცრილია - ოქსფორდის ვაქცინამდე ქვეყანამ Pfizer/BioNTech დაამტკიცა (მსოფლიოში პირველმა) და იმუნიზაცია 8 დეკემბერს დაიწყო.
ქვეყანაში ასევე დამტკიცდა AstraZeneca-ს ვაქცინაც.