BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჯორჯიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციას საბოლოო შედეგების შესაცვლელად საკმარისი ხმების "მოძიება" მოსთხოვა.
"მე მხოლოდ 11 780 ხმის პოვნა მინდა", - ამბობს ტრამპი Washington Post-ის მიერ გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერში.
მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა ქვეყნის მომავალმა ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, და დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
ცნობისთვის, 15 დეკემბერს, აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.
დონალდ ტრამპი კი, მართალია, ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდა, თუმცა საკუთარ დამარცხებას არ აღიარებს და დემოკრატების მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე მუდმივად საუბრობს. მისი თქმით, არჩევნებში ხმა გარდაცვლილებმაც მისცეს. მაგალითად, მისი მტკიცებით, პენსილვანიაში 20 000-მა გარდაცვლილმა მისცა ხმა.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სარჩელი - ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით - უარყო.