ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან უფრო ცხადი გახდა, თუ საიდან იღებს სათავეს ის უსამართლობა, რასაც ამ საქმეში აწყდებიან.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ინტერვიუს დროს დავით ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვება გმირობად შეაფასა და თქვა, რომ ხიდაშელი მასზე არანაკლები ქველმოქმედი, პატრიოტია. ივანიშვილის განცხადებით, ხიდაშელის მიერ რუკების მოპოვებმა ქვეყანას ერთი მხრივ აარიდა მეზობელ სახელმწიფოსთან კამათს, სირცხვილს ხოლო მეორე მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინა შუაზე გაჭრას.
"კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად:
- - მთელი სახელმწიფო აპარატი: პროკურატურა (ჩვენი დათვლით 30-მდე პროკურორი და გამომძიებელი), სუსი, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, სასამართლო, ექსპერტიზის ბიურო და ა.შ. კანონიერი თუ უკანონო გზების გამოყენებით აქტიურადაა ჩართული მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობისა და მსჯავრდების უზრუნველყოფის პროცესში;
- - ადვოკატებს დღემდე არ გვეძლევა საშუალება, პირისპირ, ტელეფონის გარეშე გვქონდეს ივერი მელაშვილთან კომუნიკაცია;
- - ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დღემდე არ გადმოგვცემია იმ რუკების ასლები, რომელიც ჩვენთვის მთავარი მტკიცებულებაა და ამოღებული აქვს პროკურატურას;
- - დღემდე ვისმენთ და ვხედავთ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებასა და ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას", - წერს მშვენიერაძე.
ადვოკატის თქმით, ესმით, რომ ივანიშვილის მიერ "დატოვებული ანდერძი" მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს ხელში უკვე გამამტყუნებელ განაჩენს ნიშნავს, მაგრამ ისინი ბრძოლას ბოლომდე აპირებენ. მშვენიერაძის განცხადებით, ადვოკატები მზად არიან ნებისმიერ ფორმატში ამ საქმეზე არსებულ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.