11 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ისევ გაურკვეველია რა ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, კარტოგრაფების საქმეზე, გენერალური პროკურატურა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოდგილისგან, გიორგი მანჯგალაძისგან. მან უწყება გვიან ღამით დატოვა, თუმცა რატომ გახდა მისი მეორედ გამოკითხვა საჭირო ამაზე არ უსაუბრია. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსა და დავით ხიდაშელის გმირად შერაცხვის შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ არ დააყოვნა და გამოძიების დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე ყოფილი მაღალჩინოსანიც გამოკითხა.
"ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, დანარჩენი კომენტარის გარეშე თუ შეიძლება, არ ვიცი ვინ რას ამბობს, კომენტარის გარეშე", - თქვა მანჯგალაძემ დაკითხვის შემდეგ.
გუშინვე, 13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.