გელათის ტაძრის არასწორად გადახურვის გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვენ. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგა შუშანია აცხადებს, 7 მილიონი ლარი გაიფლანგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. შუშანია საქმის რეალურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
"ქართული ოცნების მავნებლობის გამო გელათის განადგურება ისევ გრძელდება და მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობა მიმართულია არა ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, არამედ ბიუჯეტიდან მოპარული 7 მილიონი ლარის კვალის დაფარვისაკენ. ყველა ეს ნაბიჯი, თუნდაც ის სასაცილო 12 000-ლარიანი დაჯარიმებები მიმართული ამ კვალის ჩაფარცხვისაკენ", - თქვა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, თანამდებობები სასწრაფოდ უნდა დატოვოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელობამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობამ და დადგეს მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.
შუშანია გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, რათა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა და ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება არაპროფესიონალურად ჩატარებულ რესტავრაციულ სამუშაოებში, რის გამოც მე-12 საუკუნის ძეგლი ნადგურდება.
მძიმე ვითარებას ვერ უშველა ვერც სახელდახელოდ მოწყობილმა გადახურვმა, რომელიც მცირე თოვლის მოსვლის შემდეგ რამდენიმე დღის წინ ჩაინგრა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, ამის მიზეზი ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომები იყო.
მათივე განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. წინა ორი კომპანია კი, ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო დაჯარიმდა.