პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა იხსნება – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
"პირველი თებერვლიდან, ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან ახალი ავიაკომპანიები ვინც გამოთქვამენ სურვილს საქართველოში შემოსვლის, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას, გარკვეული სიხშირეებით. რა თქმა უნდა ეს მოხდება, სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით, რასაც უკვე მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ისედაც აკეთებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი" – თქვა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, ფრენების სიხშირეს თავად ავიაკომპანიები დაადგენენ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, როგორ შეამსუბუქონ ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა და ამ საკითხზე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მინისტრი მოელის, რომ ტურისტების მასპინძლობა გაზაფხულიდან შეიძლება დაუშვან.
ამავე თემაზე: