რატომ არ შეაფასა სტარაბურგის სასამართლომ 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებაში აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე და დრამატული მოვლენები, პირველი ხუთი დღე, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა - მაშინ როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ზედა პალატამ დაადგინა, რომ 12 აგვისტოს და მის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ქართველების ეთნოწმენდა ჩაიდინეს და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტზე პასუხიმგებლობა რუსეთს დააკისრა.
აგვისტომს ომის პირველი ტრაგიკული დღეების შეფასების გვერდის ავლას არ ეთანხმებიან თავად სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატის მოსამართლეები, ის ადამიანები, რომლებიც ვერდიქტის ჩამოყალიბების პროცესში თავად მონაწილეობდნენ.
უკრაინელი მოსამართლის ანა იუდოვკსაიას, პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკის და ლადო ჭანტურიასთვს მიუღებელია დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომ 2008 წლის ომის დღეებში, აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები, რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება.
სასამართლომ მიზეზად მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობა, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულე დაასახელა, რაც რუსეთს აძლევს საშუალებას არ აგოს პასუხს ომის პირველ დღეებში ჩადენილ დანაშაულებზე.
ანა იუდკოვსკაია მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს 7 -დან 12 აგვისტომდე მიმდინარე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასებისგან თავი არ უნდა შეეკავებინა.
ამ არგუმენტებს სრულიად იზიარებენ თბილისშიც, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები.
იურისტები განმარტავენ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დავაში გამარჯვებული ჩვენი ქვეყანაა, თუმცა როგორც ჩანს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ამ შემთხვევაში ანგარიში რუსეთის ფედერაციას გაუწია, რომელიც 21 იანვრის ვერდიქტს უკვე იყენებს საკუთარი პროპაგანდისთვის.
სახელმწიფოთაშორისო სარჩელის გარდა სტრასბურგში ინდივიდუალური სარჩელებიც იყო შეტანილი, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა ინსტანციამ დაადგინა, 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე კლავდა, აწამებდა, ავიწორებდა ჩვენს მოქალაქეებს და უხეშად არღვევდა ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ვინც კონკრეტული ფაქტებით მიმართა სასამართლოს, გაურკვეველია რატომ შეიკავა მან თავი პირველი პერიოდის შეფასებისგან.
ამ ყველაფრის მიუხედავად 12 წლიანი დავის შემდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას აძლევს დეოკუაპციის პროცესი კიდევ უფრო გაააქტიუროს, მათ შორის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, გაეროსა და ეუთოში, და ქონდეს დამატებითი არგუმენტები ჟენევის მოლაპარაკებების დროს.
21 იანვრის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს 17-მა მოსამართლემ, მათ შორის ერთი რუსიც იყო, პირდაპირ დაადასტურა, რომ რუსეთი ოკუპანტია და პასუხისმგებელია რაც ხდებოდა და ხდება 12 აგვისტოს შემდეგ აფხაზეთსა და ოსეთში. მათ შორის ადამიანურ მსხვერპლზე და დევნილების დაბრუნებაზე.