ჯაჭვი მერიის პარკინგთან და დაპირისპირება ლილოში - თბილისში რამდენიმე აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

აქციები დღეს, 23 იანვარს თბილისის რამდენიმე წერტილში ერთდროულად გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ გახანგრძლივებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. 

თბილისის მერიასთან აქცია აქტივისტებმა,  "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გამართეს. მათ მანქანების პარკინგის შესასვლელთან სიმბოლურად ჯაჭვი მიიტანეს და შესასვლელი ჩაკეტეს. ამას დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასთან, რომელმაც აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გადაწია ადგილიდან, რათა სადგომზე მანქანებს შესვლა შეძლებოდათ. 

"სამარცხვინოები, ჩვენ ჩაკეტილები ვიყოთ და თვითონ რომ მოუნდებათ გამოსვლა პარკინგიდან ეგრევე გამოაცილონ ესკორტით, გაყევით ბარემ და მიაცილეთ სახლებამდე, ესეთი სამარცხვინო რაღაც ხდება", - თქვა "ლეიბორისტული" პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ, მიხეილ ქუმსიშვილმა. 

აქცია გამართეს სავაჭრო ცენტრ "ლილო-მოლის" მოვაჭრეებმაც, რომლებმაც საავტომობილი მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. ისინი ადგილზე გავიდნენ, რადგან სხვა მოვაჭრეები იქ მანქანებში განთავსებულ პროდუქციას ყიდიან. მოვაჭრეები ითხოვენ, რომ პირველი თებერვლიდან "ლილო-მოლი" გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს გააგრძელებენ. 

ადგილზე დაპირისპირება მოხდა "ლილო-მოლის" მოვაჭრეებსა და იმ მოვაჭრეებს შორის, რომლებიც პორდუქციას მანქანებიდან ყიდიან. 

"მთავრობამ ჩვენი ხმა შეისმინოს, იმიტომ, რომ მართლა დასაკარგი აღარაფერი დაგვიტოვეს", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე. 

"არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს!" - ამ სახელწოდებით აქცია ხვალ 11 საათზე კანცელარიასთან გაიმართება. გამოქვეყნდა იგივე სათაურის მონიფესტიც, რომელსაც ხელს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენე. აქციის მონაწილეები შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ, 24 იანვარს და ზეგ, 25 იანვარს თბილისში შეზღუდვებს სხვადასხვა აქციებზე გააპროტესტებენ. მოქალაქეები ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სასწავლო დაწესებულებების გახსნას და კომენდანტის მოხსნას ითხოვენ. შეზღუდვების წინააღმდეგ აქციას ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და ხატია დეკანოიძეც შეუერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი