ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე მის მიერ, გუშინ 25 იანვარ გსაჯაროვებულ ფარულ ჩანაწერზე ამბობს, რომ ეს შეიძლება საქმეში მათ სასარგებლოდ მთავარ მტკიცებულებად იქცეს.
"ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერები შეიძლება იქცეს უმთავრეს მტკიცებულებად, ოღონდ ჩვენთვის სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ საზღვარი შეთანხმებულია 1938 წლის ხაზით, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით, არანაირი სხვა შეთანხმება მიღწეული არ არის, თუ არა ის, რომ ღიად არის დატოვებული საკითხი, რათა ის გადაწყდეს საქართველოს სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფული თვალსაზრისით არ იყო ხელსაყრელი გარემოებები და ის, რომ ივერი მელაშვილი ამ პროცესში მოქმედებდა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ", - თქვა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ადვოკატმა გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც ასახულია 25 სექტემბერს ივერი მელაშვილისა სავარაუდოდ, გივი კეკელიძის საუბარი. ეს უკანასკნელი წლების მანძილზე სადელიმიტაციო კომისიის წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო.
პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.
აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.
13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.
კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა, 2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.