ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელწმიფოს მიდგომაა, რომ გახსნისკენ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გადადგას, თუმცა ამ გადაწყვეტილებებს კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არ მოჰყვეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში 2 დღე ჩაკეტვა მოქმედებდეს.
"სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები. დარჩება შაბათ -კვირა ისე, როგორც ეს ჩაკეტვების გეგმაშია განსაზღვრული, ხოლო როცა დავაკვირდებით ქვეყნის მასშტაბით დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს, მივიღოთ გადაწყვეტილება იქნება ჩაკეტილი შაბათი-კვირა, თუ კვირის რომელიმე სხვა დღე. ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ 7-დღიდან, ორ დღეს მობილობა იყოს დავარდნილი, სწორედ ამას ემსახურება შაბათ -კვირის ჩაკეტვები", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ თემაზე მინისტრმა სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესი თანამშრომლობისთვის მზადაა.
შეგახსენებთ, რომ დღევადნელი შეხვედრა მთავრობასთან მოთხოვნების შესრულების კუთხით ნულოვანი შედეგით დასრულდა, სავაჭრო სექტორი შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას, საზ. ტრანსპორტის აღდგენას, ქონების გადასახადის შემცირებასა და ელექტრო ენერგიის სუბსიდირებას ითხოვდა.
სანაცვლოდ, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მაღაზიებში იმუშავებს გასახდელები და მოსახლეობას შეძენილი პროდუქციის გადაცვლა შეეძლება.