შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას ქვეყანა "ნამდვილად არ დაუტოვებია". მისი თქმით, მაქსიმალურად მუშაობენ და გამოძიება მიმდინარეობს.
"რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში არის ნამდვილად, ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და ვერ ვისაუბრებ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ხაზი მინდა გავუსვა, ყველაზე მეტად ვისაც გვინდა ეს ადამიანი დავაკავოთ, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროა. ყველაფერს ვაკეთებთ", - თქვა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას 3 თვეა ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.
12 დეკემბერს პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, უნდა შეხვედროდა, რასაც ოჯახი უარყოფს. ბიძინა ესებუას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.