ვერ გაბედავენ, შესწავლილი ვყავართ - ივერი მელაშვილი საპროცესო გარიგების შესაძლო შემოთავაზებაზე

გამოქვეყნდა:

"ვერ გაბედავენ, სურვილი რომც ჰქონდეთ, რადგან შესწავლილი ვყავართ", - ასე უპასუხა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" კარტოგრაფმა, სადელიმიტაციო კომისიის ხელმძღვანელმა ივერი მელაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, როგორ მოიქცევა, თუკი პროკურატურა მას საპროცესო გარიგებას შესთავაზებს, რაც გულისხმობს, რომ ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან და ის გაჰყავს სხვა, ამ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირზე, ვის დავალებასაც თითქოსდა ასრულებდა. 

"მე მგონია, რომ ასეთ შეთავაზებას არ ექნება ადგილი, რადგან მათ უკვე სათანადოდ შემისწავლეს და იციან, რაზე ვარ წამსვლელი... ვერ გაბედავენ, ამის სურვილი რომც ჰქონდეთ", - განაცხადა ივერი მელაშვილმა კითხვის პასუხად, როგორ მოიქცეოდა, თუ პროკურატურა მას საპროცესო გარიგებას შესთავაზებდა. 

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

გირაოს თანხა ორივე ბრალდებულისთვის მოქალაქეებმა 2 საათში შეაგროვეს. 20-20 000 ლარის შეგროვება კარტოგრაფების მხარდასაჭერად მოძრაობა "სირცხვილიას" ინიციატივა იყო, რომელმაც თანხა მათ ოჯახებს გადასცა. 

აქვე გეტყვით, 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი