ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტიელბას და ზაზა გახელაძისთვის მისჯილ 12-წლიან პატიმრობას დღეს, 13 თებერვალს სხვილოს ციხესთან გააპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები და "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრები სწორედ იმ ადგილზე მივლენ, საიდანაც ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
"ჩვენ აქედან მივემგზავრებით ქვემოჭალაში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც გაიტაძეს ზაზა გახელაძე, ეს სიმბოლური აქციაა და სიმბოლური პროტესტი, სადაც ჩვენ მოვითხოვთ, მოხდეს გააქტიურება საზოგადოების და შემდგომში მოვახდინოთ ზეწოლა და ვაიძულოთ ჩვენი ხელისუფლება, რომ აქტიურად იბრძოლოს და გამოიყენოს მის ხელთარსებული ეფექტური ბერკეტები", - თქვა "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა, დავით ქაცარავამ.
აქციას შეუერთდა "ლეიობორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი. მან არსებულ სიტუაციას "თანამედროვე ლეკიანობა" უწოდა და ხელისუფლებას მოუწდა არგაღიზიანების პოლიტიკის ნაცვლად საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურდეს.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
აქვე გეტყვით, რომ ზაზა გახელაძესთან ერთად, ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში რჩებიან ცხინვალში გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი და რამაზ ბეღელური, ხოლო სოხუმში ირაკლი ბებუა. დღევანდელ აქციაზე მათაც მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ავტორი: საბა ბუაძე.