“მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ფასილიტატორ ელჩებთან ერთად და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით” - ასეთი შინაარსის განცხადება ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები გადაიდო.
"მინდა ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ, ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. პირველივე დღიდან ჩვენ, საერთოოპოზიციური ერთობა, ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის უმთავრესი არის კანონის უზენაესობა, რომ უმთავრესია, მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც დამარცხებული მიულოცავდა გამარჯვებულს, რომელიც დაასრულებდა პოლიტიკურ რეპრესიებს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციურმა პარტიებმა დავსახეთ მიზანი და მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ხელისუფლების ცვლილება, რაც ხალხის სურვილი იყო, ვერ განხორციელდა. დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანას გამოოიყვანს კრიზისიდან - ახალი ვადამდელი არჩევნების.
მინდა გავაკეთო ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ ახალი არჩევნების ცატარების საკითხი", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, "ძალადობა არასდროს ყოფილა ოპოზიციური პარტიების მიზანი".
შეგახსენებთ, 17-18 თებერვლის ღამის განმავლობაში შსს-ს სტრუქტურებში განსაკუთრებული მობილიზაცია იყო, ხოლო დილით ენმ-ის ოფისში, სადაც ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შსს-ს აბრევიატურის მქონე, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ სასამართლო განჩინების შემდეგ, მოვიდნენ "შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად". ისინი ოფისში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს და ტერიტორია დატოვეს.
ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, აღიკვეთება.
ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც მან მოუწოდა მხარეებს, ამ დილით სიმშვიდე შეინარჩუნონ, ამ განცხადებას კი ჯერ პრემიერის გადადგომა, ხოლო შემდეგ შსს-ს მიერ ნიკა მელიას დაპატიმრების ღონისძიებების გადადება მოჰყვა.