
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონკრეტული პირები, რომლებიც რიგ შემთხვევაში ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ, მათ შორის სენატორები რიში და შაჰინი, 2012 წლიდან ანალოგიურ პოზიციას იჭერენ. მისი განცხადებით, კონკრეტულ დანაშაულებებში მხილებული და ბრალდებული პოლიტიკოსები მათი მხრიდან ასეთივე დაცვის ობიექტები იყვნენ.
რაც შეეხება რესპუბლიკელ ადამ კინზინგერს, მდინარაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" და მისი პოზიციები ერთმანეთ არ ემთხვევა. თუმცა დეპუტატის თქმით, გასაკვირია, რომ მას სხვა პოზიცია ჰქონდა, როცა კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ.
"რაც შეეხება კინზინგერს, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენი პოზიცია და მისი პოზიცია ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მისი კრიტიკის ობიექტებიც გავხდით. თუმცა, ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, რომ როდესაც მისი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავის ქვეყანაში, როდესაც ის აკრიტიკებდა და იმპიჩმენტზე საუბრობდა და მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაშინ როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს მეასედიც არ გაუკეთებია იმისა, რაც გააკეთა საქართველოში ნიკა მელიამ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, აშშ-ში კაპიტოლიუმში შეჭრის გამო კონკრეტული ადამიანია დაკავებული და საქართველოში პრაქტიკულად იგივე ქმედება არ შეიძლება სხვაგვარად მოინათლოს.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.
ამავე თემაზე: