ქვეყანა მედიატორის მოლოდინში - კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოვა

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური მედიატორი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი თბილისში დღეს ჩამოვა. მან უკვე ჩანიშნა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია. მედიას ის 13:00 საათზე შეხვდება. 

დანიელსონის ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლებაა. არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება. ვიზიტის ფარგლებში, დანიელსონი პოლიტიკური დიალოგის აქტიურ მედიაციაში ჩაერთვება. 

მანამდე კი, 9 მარტს, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას კომპრომისის გამონახვა ურჩიეს და სიტუაციის განმუხტვის ერთ-ერთ საშუალებად ვადამდელი არჩევნები დაასახელეს.

დანიელსონის საქართველოში გამოგზავნას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ეს ძლიერი ნიშანია, რომ ევროპა სტაბილურობისთვის და დემოკრატიულობისთვის მუშაობას განაგრძობს.

ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო. 

მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი