ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება რეფორმების გზას გააგრძელებს - საფრანგეთის საგარეო უწყება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" მიმართვის საპასუხოდ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 
საფრანგეთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წამოწყებულ მედიაციას მხარს უჭერს.
"მთავარმა არხმა" უწყებას მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება სთხოვა.

საფრანგეთი მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე დგას და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება რეფორმების გზას გააგრძელებს.

საქართველოში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მომხრე საფრანგეთი, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირის მიერ წამოწყებულ ინიციატივას მედიაციის შესახებ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლის, კრისტიენ დანიელსონის მუშაობა მალე კონსტრუქციულ დიალოგად გადაიქცეს ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის. როგორც უკვე აღვნიშნეთ საფრანგეთ-გერმანიის ერთობლივ განცხადებაში 2020 წლის 12 დეკემბერს, სოლიდური ინსტიტუციური და პლურალისტური სისტემის გამართული მუშაობა აუცილებელია მყარი დემოკრატიისთვის. საქართველო რეფორმების გზას ადგას, ჩვენი სურვილია, რომ ეს დინამიკა გაგრძელდეს. საფრანგეთი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება გააგრძელებს რეფორმების გზას, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. 

ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა. პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.

შარლ მიშელმა საქართველოში პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. ეს გადაწყვეტილება მან 8 მარტს მიიღო. თბილისში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი