"ევროკავშირი ამბობს, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა მოძებნოს საერთო ენა, რათა გამოვიდნენ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან", - ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
..ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქრათველო ებრძვის პანდემიას და მაშინ, როცა მას გააჩნია ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების შესახებ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას და მთავრობას, რომ მოძებნოს გზა წინსვლისთვის. ბოიკოტირება არ არის ნამდვილად სასარგებლო ფუნქციური დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის. სწორედ პარლამენტში უნდა იქნას მოძებნილი გამოსავალი და პარტიებმა და მხარეებმა უნდა გაითვალისწინობ ეს შედეგები.. ორივე მხარე ევალება, რომ ორმხრივად შეთანხმებადი გამოსავალი მოიძიონ, - ამბობს ბორელი.
ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ, 15 მარტს, დილით გაემგზავრა.
პრემიერი მიშელთან მოლაპარაკების კონკრეტული შედეგით უნდა ჩასულიყო, თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთნახმება ამ დრომდე ვერ შედგა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 17 მარტამდე გაგრძელდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები.
შარლ მიშელმა საქართველოში პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. ეს გადაწყვეტილება მან 8 მარტს მიიღო. თბილისში ის 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონმა ქვეყანაში ვიზიტი გაახანგრძლივა და თქვა, რომ ქვეყანას არ დატოვებს ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას არ მიაღწევს. დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს.