
"გოგი წულაია ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა" - "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მზადაა წულაიას თავდებში ჩაუდგეს.
"გოგი წულაია გახდა ბერა ივანიშვილის და ივანიშვილების ოჯახის ანგარიშსწორების მსხვერპლი, სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს ეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაშია. ჩვენ ვთვლით, რომ მისი მდგომარეობა სრულად შეესაბამება ევროსაბჭოს კრიტერიუმებს პოლიტპატიმართან მიმართებაში და ვაღიარებთ ასეთად. მე პირადად თავდებში ვუდგები გოგი წულაიას", - თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს წულაია პატიმრობიდან როგორც პოლიტიკური ნიშნის, ასევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაია მე-8 დღეა შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.