"მთავარმა არხმა" გოგი წულაიას საქმის ახალი კადრები მოიპოვა - შესაბამისად, ძალადობის გამო დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ირკვევა, რომ ქალმა, რომელიც დაზარელებულადაა ცნობილი, მის მიერ ფარულად გადაღებულ ვიდეო მასალა საქმის გამომძიებელ პოლიციელს პირადი ჩატით გადაუგზავნა.
ვიდეოკადრებით ირკვევა, რომ ასმათ დვალიშვილი 17 მარტს დილის 5 საათზე ვინმე ჭოლას ვიდეოფაილებს უგზავნის. ოთხი ვიდეო დვალიშვილმა ჭაბუკიანის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში, მაშინ გადაიღო, როდესაც დაზარალებულის მტკიცებით წულაიამ მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. გადაღებულ მასალაში ძალადობა არ ჩანს. ფარულად ჩაწერილი ვიდეობით ირკვევა მხოლოდ ის, რომ დვალიშვილი და გოგი წულაია ერთმანეთს ესაუბრებიან.
ვინ არის ჭოლა, ვისაც ასმათ დვალიშვილმა ვიდეო ფაილები შემთხვევის ადგილზე გაუგზავნა? ირკვევა რომ ის ჭოლა ღლონტია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი გამომძიებელი, რომელმაც პირველად 17 მარტს დაკითხა ასმათ დვალიშვილი და მან პროკურატურის მთავარი მტკიცებულებები ოქმის შედგენის გარეშე ვაიბერის აპლიკაციაში გაუგზავნა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაია მე-8 დღეა შიმშილობს და მედიკამენტებს არ იღებს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.