დღეს, 8 აპრილს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც თავად სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, რადგან წინა პროცესზე მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა.
ნიკა მელიას უფლებადამცველის თქმით, დღევანდელ სხდომაზე პირველ შუამდგომლობად სწორედ ნიკა მელიას დარბაზში დაბრუნების საკითხს დააყენებს.
"ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ განხორციელდა, შესაბამისად, სამწუხაროდ, იგი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. ჩვენი პირველი შუამდგომლობა იქნება, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა დაესწროს ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესს. მას, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ელემენტარულად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იმის, რომ ესწრებოდეს სასამართლოს", - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.
დღეს, 8 აპრილს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია. საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც დააყენოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.