"როდესაც ისინი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე გამოდიან ამბობენ, რომ ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რეალურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს", - ასე ეხმიანება, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი "მთავართან" საუბრისას, პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვიდაც, ბრალდების მხარეს ნიკა მელიას ბრალეულობის დამამტკიცებელი ყველა მტკიცებულება აქვს.
"რეალურად უბრალოდ მეღიმება, ესაა პროკურატურის შაბლონური ტექსტი. როდესაც ისინი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე გამოდიან ამბობენ, რომ ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რეალურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ნიკა მელია თითქოსდა სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა და ახორციელებდა. ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფომ, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ამ საქმეში არ მომხდარიყო ვიდეოჩანაწერები, სადაც გამოჩნდებოდა 20 ივნისის აქციის ამსახველი ფოტოები და შემდეგ დარბევის ფოტოები. ცხადია, იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას ბრალეულობა იქნებოდა ასახული, პროკურატურა ყველაფერს გააკეთებდა, რომ ეს ვიდეოჩანაწერები პროცესზე მომხდარიყო", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
დღეს, 8 აპრილს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია. საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, თუმცა არაა გამორიცხული მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის საკითხიც დააყენოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ.
მეორე დილას პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება "დროებით" გადადო.
გახარიას შემცვლელად, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ კი "ოცნების" ხელისუფლება ენმ-ის ოფისში შტურმით შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.