ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ტურისტული ინდუსტრია პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. როგორც თურნავა განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტრო იზრუნებს, რომ ტურისტული სფეროში დასაქმებულები სწრაფად და ორგანიზებულად აცრან.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ და ჩვენ სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტურ-ოპერატორი კომპანიის თანამშრომლების და მოხდება მათი ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია.
ჯანდაცვის სამინისტრო ამაში დაგვეხმარება და შედეგად ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდუსაფრთხო კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა ჩვენ ხელთ არსებული მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს",- თქვა თურნავამ.