
"ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს სიტუაციის სასწრაფოდ განსამუხტავად", - ასეთ განცხადებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე.
"დასაგმობია ის ვითარება, რაც გუშინდელი დღიდან სპონტანურად განვითარდა დმანისის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ხელისუფლებამ უფრო მეტი და სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს, იმიტომ, რომ ყველი საათი ასეთი ვითარების დროს ძალიან ძვირფასია. ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს სიტუაციის სასწრაფოდ განსამუხტავად. ასეთ დროს მნიშვნელოვანია კონფლიქტის წარმოშობის პირველადი კერა, სამართლებრივად სწორად შეფასდეს და სწორი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს. ყოფითი კონფლიქტი, რომელიც გუშინ ბანალური მიზეზით დაიწყო, უნდა დამთავრდეს, როგორც ყოფითი კონფლიქტი. არავითარ შემთხვევაში მისი გავრცობა, როგორც ეთნიკური კონფლიქტი მიუღებელია", - ამბობს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, დმანისში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს. ადგილობრივებმა ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, ისინი დაკავებულების გამოშვებას მოითხოვენ.
ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა თქვა, რომ ადგილზე ვითარება განმუხტულია. მისივე განცხადებით, ყველაფერი გააკეთეს, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო და მშვიდობა შეენარჩუნებინათ.
დღეს დილიდან განახლდა დაპირისპირებაა დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.
ორივე მხარეს მოქალაქეები ქვებით და ხელკეტებით არიან შეარაღებულნი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორისაა სამართალდამცავიც.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებითა და ბიტებით დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიებიც.
ამავე თემაზე: