საქართველოში დემოკრატიის ბედი წყდება და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა წერს. მისი თქმით, შოკირებულია გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენებით.
"შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით. დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი, კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები კი აღდგენილ უნდა იქნას.
საქართველოში დემოკრატიის ბედი წყდება და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით", – წერს ელჩი.
ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.
დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული.