ან უწყებრივი შეუთანხმებლობაა და გომელაურს „გაუჩალიჩეს“ ღარიბაშვილთან ერთად, ან გომელაური იტყუება - ასე აფასებს 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
„გაჩალიჩება“ სახეზეა, რადგან „ოცნების“ ახალმა „ნათელმა“ სახემ, კუჭავამ,
5-6 ივლისის მოვლენების მეორე დღესვე გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის პრემიერის განცხადებებთან. და ვინც კუჭავას იცნობს, ყველამ გადასარევად იცის, რომ მისი პირით კობახიძე საუბრობს...ტყუილიც სახეზეა!
არ იცოდნენ კი არა, 5-6 ივლისის მოვლენები "ოცნების", უფრო კონკრეტულად სუს-ის დაგეგმილია.
მოძალადე, აგრესიულ ჯგუფებს კი ადგილზე სუს-ის თანამშრომლები პირადად უწევდნენ კოორდინაციას. ანუ, ეს იყო სერიოზულად ორგანიზებული სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტებთან ანგარიშის გასასწორებლად. ხოლო თუ შს მინისტრი არ იტყუება, მაშინ საერთოდ უარესი! რადგან ასე აღიარებს, რომ თუ ქვეყანაში კიდევ იქნება მრავალლოკაციანი პროტესტი, სახელმწიფო აღარ იარსებებს, უბრალოდ ჩამოიშლება...მოკლედ, ფინალში გამოდის, რომ იტყუება „ოცნების“ ყველა პირველი პირი!
სია იწერება და იმიტომ.
თანამდებობები და კვოტები პარტიაში კი ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თორემ ქვეყანა, ხალხი, საერთოდ ვის აინტერესებს...
და რას შვება ამ დროს ოპოზიციის დიდი ნაწილი? თბილად, კომფორტულად ჩახუტებულები „აპრავებენ“ ყველა იმ უკანონობას, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად სჩადის",- ამბობს დავით ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფებები შეიკრიბნენ, ოპოზიციის კარვები დაარბიეს, "თბილისი პრაიდისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია, საერთო ჯამში აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა.
ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელმაც თქვა, რომ "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ამას გარდა პრემიერი ამტკიცებდა, რომ მარშის ორგანიზატორობის უკან "ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით დგას".
5 ივლისს მედიამენეჯერების ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე
6 ივლისს, რუსთაველზე, პარლამენტთან ჟურნალისტების მხარდამჭერი მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის დაანონსების შემდეგ, რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფებმა ქაშუეთის ეკლესიასთან კონტრაქცია გამართეს. კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ. ასევე ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე.
6 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან განხორციელებული ძალადობა არ შეიძლება გამართლებული იყოს და "ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ იტყვი - მაგრამს".
9 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა: ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე ასეთი მასიური ძალადობა მოხდებოდა
კულუარული ინფორმაციით კი სწორედ 5 ივლისის შემდეგ, ოცნებაში ღარიბაშვილის კუჭავათი ჩანაცვლების გეგმაზე ალაპარაკდნენ.