15 წლის ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. მან პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. ჩოლოიანი ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
ფაქტს "მთავარ არხთან" უკვეა გამოეხმაურა ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე. მისი თქმით, ეს დაცინვაა.
"მარიანა ჩოლოიანი წელიწად ნახევარში ანუ კარგი ქცევის გამო გაათავისუფლეს. ჩემი აზრით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ყურადღება მოვადუნეთ, აღარ ვლაპარაკობდით ამ ყველაფერზე ვინაიდან ეს აპელაციის პროცესები მიმდინარეობდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო დრო იხელთეს მისმა მეგობრებმა, არ ვიცი, ყოფილმა თანამშრომლებმა, ვისთანაც რამე ეთქმოდა, გამოყვანა არ ჰქვია, გამოაძვრინეს ციხიდან.
ვერც კი გადმოვცემ რას ვფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მეგონა პირიქით, სამართალი იზეიმებდა, წლებს მოუმატებდნენ. ჩემი აზრით, ეს დაცინვაა რაც ეხლა მოხდა, ჩვენი დაცინვაა, წელიწად-ნახევრით როდესაც ჩასვევს ციხეში და ამბობენ, რომ კარგი ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს", - ამბობს ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე.
მისი თქმით, საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ზემდგომი ინსტანციისგან გადაწყვეტილების მირებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჩოლოიანი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.